06 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
მწვავე და სამწუხარო რეალობაა, ქვეყანა უკან დგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე - პაატა გაფრინდაშვილი ევროპარლამენტში დოკუმენტის ჩაგდებაზე

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ კენჭისყრაზე დოკუმენტის ჩაგდებას, რომელსაც აღნიშნული კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს, ექსპერტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის განცხადებით, დოკუმენტის ჩავარდნა ქვეყნის დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯის ტოლფასია. 

"ის, რაც მოხდა, არის უბრალოდ მორიგი ასახვა, გაფორმება, რასაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ჰქვია, ხოლო გარეთ ეს, უკვე როცა ფორმდება და ევროპარლამენტარები ადეკვატურად პასუხობენ ამას, ეს ნიშნავს ძალიან სამწუხარო რეალობას, რომ ქვეყანა უკან მიიწევს და უკან დგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ძალიან მძიმე რეალობაში ლამის შევედით და კიდევ უფრო ღრმავდება ეს რეალობა, როდესაც მონაპოვარი, რასაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ კურსს მოსახლეობის 70%-ზე მეტი, ამ გზაზე ხდება უკუსვლა და ამის ასახვა და გაფორმება ხდება ხოლმე თანდათანობით და ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტში. ეს ძალიან მწვავე რეალობაა. მე ადრეც მითქვამს, რომ უნდა ვეცადოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რომ არ მოხდეს ე.წ. მოლდოვიზაცია," - განუცხადა "რუსთავი 2- ს" პაატა გაფრინდაშვილმა. 

პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს მოსახლეობის ნება განსაზღვრავს, თუმცა ეს პოზიცია ხელისუფლებამ შესაბამისი საქმეებით უნდა განახორციელოს. ექსპერტი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანა უკუსვლას განიცდის, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მოახლოებას ხელს უშლის.

"ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ნება განსაზღვრავს, მაგრამ შემდეგ ეს ნება ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი საქმეებით, რასაც ჩვენს შემთხვევაში, ერთი მხრივ ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, რომელიც შორეულ პერსპექტივაშია, მაგრამ ყოველდღიურად უნდა იარო ამ გზისკენ, რაც გულისხმობს რეფორმებს, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას და ა.შ. სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე, სამწუხაროდ, ნამდვილად არ უნდა ველოდოთ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.

 

 

დღის ამბები