06 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
ეს მიანიშნებს იმას თუ რამდენად განსხვავებულ პოზიციაზე დგანან საქართველოს ხელისუფლება და მისი პარტნიორები ევროკავშირში - გიორგი რუხაძე 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ კენჭისყრაზე დოკუმენტის ჩაგდებას "ცუდ პრეცედენტს" უწოდებს.  რუხაძე ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საფრთხე ექმნება იმ დადებით საკითხებს, რაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს მიღებული.  

გიორგი რუხაძე ამბობს, რომ თუ ამგვარი ტენდენცია გაგრძელდა და ევროკავშირმა ვერ დაინახა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, აღმოფხვრას პრობლემები, რომლებიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ქვეყანა დაკარგავს ყველა მიღებულ სიკეთეს. 

"ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლების საპარლამენტო დელეგაცია არ დაეთანხმა ცვლილებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჩვენი პარტნიორი ევროდეპუტატების მხრიდან. ასე ვთქვათ, ისინი დაპირისპირებაში შევიდნენ ასოცირების კომიტეტის შესაბამის სტრუქტურასთან, ანუ - ევროპულ მხარესთან. ბუნებრივია, ეს ჩვეულებრივი რამ არ არის. დოკუმენტები ასე არ ვარდება, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ეს მიანიშნებს იმას, თუ რამდენად რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგანან ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლება და მეორეს მხრივ - საქართველოს პარტნიორები ევროკავშირში თითქმის სრული შემადგენლობით. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ღიად და აშკარად ისმის ამ ტიპის კრიტიკა, რომელიც ჯერ არასდროს არ ყოფილა, რომ საქართველო შესაძლოა ვეღარ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ან აღარ ასრულებს. თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები ამის მთავარი ნაწილია.

ასეთი საგანგაშო სიგნალები აქამდე არ ყოფილა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ყველაფერი მოესმინათ, მიეღოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ წუხილების გასანეიტრალებლად, ისინი შეეწინააღმდეგნენ ამ ყველაფერს. მე არ ვიცი, ეს რამდენად სწრაფად დადგება, მაგრამ ჩემი აზრით, საფრთხე ექმნება უკვე ასოცირების ხელშეკრულებას და იმ სიკეთეებს, რომელიც საქართველოს აქვს მიღებული  ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ. 

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი  მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები