17 თებერვალი 2020,   01:18
ვრცლად
უპრეცედენტო შემთხვევა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში - ჩავარდნილი რეზოლუცია პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია ჩავარდა.  ევროპარლამენტარები, ქართული ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტარების ნაწილი და ოპოზიცია ითხოვდა შესწორებებს, რომლის მიხედვითაც დოკუმენტში მოხვდებოდა გიგი უგულავას დაკავება, 20 ივნისის მოვლენები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა და სხვა საკითხები, რასაც "ქართული ოცნების" წევრები შეეწინააღმდეგნენ. კონსენსუსის არარსებობის გამო ევროპარლამენტარებმა დოკუმენტის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადეს.

რის ჩაწერასაც რეზოლუციაში ევროპარლამენტარების ნაწილი და ქართული ოპოზიცია ითხოვდა, "ქართული ოცნების" წევრები ტყუილს უწოდებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესწორებები, რომლებზეც იყო საუბარი, მათთვის მიუღებელია, ადეკვატური კრიტიკა კი საბოლოო დოკუმენტში ისედაც მოხვდა.

რეზოლუციის ჩაგდებაში ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს უმრავლესობის წევრებმა არჩევანი არ დაუტოვეს. იმის გამო, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღები ტექსტი ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავდა, უცხოელმა პარტნიორებმა მის მიღებაზე საერთოდ უარი თქვეს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტში რეზოლუციის ჩაგდება მალევე გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი თბილისშიც. ოპოზიციის აზრით, სახელისუფლებო გუნდმა ევროპარლამენტარებისგან ყვითელი ბარათი მიიღო. მომხდარი ოპოზიციას დააბრალა მმართველმა გუნდმა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს.

რეზოლუციის ჩაგდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უპრეცედენტოა. იქამდე კი ერთადერთი შემთხვევა 2013 წელს იყო. მაშინაც აზრთა სხვადასხვაობა კრიტიკულ შესწორებებს მოჰყვა.

დღის ამბები