03 აპრილი 2020,   05:19
ვრცლად
მსოფლიოს 35 ლიდერ და 100-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი - მიუნხენში გლობალურ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მსჯელობენ

რას ნიშნავს დასავლეთის სამყაროს წევრობა, მის წინაშე არსებული გამოწვევები, კრიზისები და უსაფრთხოება - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რაზეც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მსჯელობენ.

კონფერენციას მსოფლიოს 35 ლიდერთან ერთად, 100-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებიან. მიუნხენში ექსპერტული წრეების, ბიზნესის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების 500-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა. მან აქცენტი მსოფლიო პოლიტიკაში დესტრუქციულ დინამიკაზე გააკეთა და ამ კონტექსტში რუსეთი ახსენა.

მიუნხენის კონფერენციას პირველად შეუერთდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. კანადის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოებაზე და კლიმატის ცვლილებებზე გაამახვილა. 

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამომსვლელთა შორისაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. ვიდრე კონფერენციის მონაწილეებს იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად მიმართავდა, მან მედიასთან შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო ნატოს ახლო პარტნიორია.

ვიდრე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნებოდა, ქართული დელეგაციის წევრებმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართეს. პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრთან ერთად ამერიკის თავდაცვის მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

შეხვედრა შედგა ჰააგის პროკურორთან. ფატი ბენსუდასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარეობა განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში პროგრესია, თუმცა დეტალები მხარეებს არ განუმარტავთ.

შეხვედრა გაიმართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრებთან. ხორვატია, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე, მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს რუსული დელეგაციაც. მას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია 3 დღე გაგრძელდება.  

ავტორი: ქეთი ზანთარაია 

დღის ამბები