27 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა იგეგმება, ხმაურია - დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები, თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. 

მათ გამოჩენას ხმაური მოყვა.

თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. ფლაერებზე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, პოლიტპატიმრები არიან გამოსახულნი. 

"შოთაძემ მინდა ჩახედოს თვალებში პოლიტპატიმრებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ირაკლი შოთაძეს ფლაერი დაუტოვა.

ამის შემდეგ ელენე ხოშტარიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ნიღაბი ეკეთა,  ირაკლი შოთაძეს მიმართა: "შემომხედეთ კარგად, ამის მონა ხართ თქვენ."

ოპოზიციონერ დეპუტატებს ფლაერების დარიგების საშუალებას პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ, ბოკუჩავამ და ხოშტარიამ მათი გადაცემა კოლეგებისთვის მაინც მოახერხეს. 

ირაკლი შოთაძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 14 საათზე უნდა დაწყებულიყო. ხვალ მისი კანდიდატურის კენჭისყრა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. 

დღის ამბები