10 აპრილი 2020,   15:37
ვრცლად
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩავარდა

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა განიხილა, რომელიც ხმათა უმრავლესობით ჩავარდა.

კანონპროექტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხებოდა, რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული შრომის ანაზღაურებას ითვალისწინებდა.

დეპუტატების თქმით, მხარი ინიციატივას იმიტომ არ დაუჭირეს, რომ უკვე არსებობს ალტერნატიული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მის მიერ ინიცირებულ კანონს ბევრი არასწორი პუნქტი დაემატა, რომლებმაც შესაძლოა კანონის ჩავარდნა გამოიწვიოს.

"გველაპარაკებიან ისეთ კანონზე, რომელიც ჯერ რეგისტრირებული არ არის. ეს კანონი არის რეგისტრირებული. საწინააღმდეგო მოსაზრება არავინ გამოთქვა. ეს არის ჩემი კანონი, რომელიც ადრე დავარეგისტრირე, არის აღებული და შემდგომ უკვე ამაზე რაღაცეები დამატებული და იმდენი არასწორი რაღაცაა დამატებული, რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ის კანონი ჩავარდეს," - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, სამუშაო დროის რეგულირება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მასშტაბური ცვლილებების პაკეტი რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი.

"საკითხი, რომელიც არის ამ კანონპროექტში წარმოდგენილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამუშაო დროის რეგულირება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ეს კანონპროექტი ერთ კონკრეტულ საკითხს შეეხება, მაგრამ ამავდროულად პარლამენტში, კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის ფორმატში არის შემუშავებული უკვე მასშტაბური ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც შრომით სამუშაო დროის რეგულირებას, ასევე ბევრ სხვა საკითხს.

რამდენიმე დღეში ეს იქნება წარმოდგენილი და შეიძლება, რომ უკვე ერთიან ფარგლებში, ერთიან პაკეტში ვუყაროთ ამას კენჭი, ერთიანი რეფორმა განვახორციელოთ," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები