10 აპრილი 2020,   12:53
ვრცლად
ქუთაისის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი რესტორნებში დაიხარჯა - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს

ქუთაისის მერიის მიერ 2019 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ასიათასობით ლარის გაცემა ოპოზიცის კრიტიკის საგანი გახდა. "ფაქტჩეკის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მერიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2019 წელს რესტორნების, სასტუმროების, საჩუქრებისა და გასართობი ღონისძიებებისთვის ჯამში 389 ათასი ლარი დახარჯა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 114 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებაზე მოდის.

ოპოზიციონერი დეპუტატი გოგი წულაია აცხადებს, რომ ქუთაისის მერი საბიუჯეტო სახსრების უმეტეს ნაწილს საკუთარი მეგობრისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრის ოჯახის რესტორანს უხდის. "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მტკიცებით, რესტორანი "რერო" დეპუტატ ლაშა გვენეტაძის ოჯახის საკუთრებაა, სადაც მერია გამარტივებული შესყიდვის სახით ყოველთვიურად სოლიდურ თანხებს რიცხავს.

რესტორანი "რერო" რომ ოჯახის საკუთრებაა, ლაშა გვენეტაძეც ადასტურებს. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მერია სარესტორნო მომსახურებას მისი ოჯახის კუთვნილი კომპანიის გარდა, სხვა კვების ობიექტებიდანაც ახორციელებს. საკრებულოს წევრი ქალაქის ბიუჯეტიდან განხორციელებულ შესყიდვებში და მერიის გადაწყვეტილებებში რაიმე ფორმით ჩართულობას გამორიცხავს.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და მერიის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების მიზნობრიობის შესწავლას საგამოძიებო უწყებებისგან ითხოვს. ოპოზიციისთვის გაურკვეველია, რატომ გაიცემა ქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით.

რესტორნებზე, სასტუმროებსა და საჩუქრებზე ერთი წლის განმავლობაში დახარჯული რამდენიმე ასეული ათასი ლარის შესახებ "კურიერთან" საუბარი ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ არ ისურვა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების გაცემის მიზნობრიობაში ეჭვი არ ეპარებათ ქუთაისის მერიაში. თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კორუფციის არსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ წლის განმავლობაში ქუთაისმა არაერთ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა, რასაც მსგავსი ხარჯები ყოველთვის თან ახლავს.

რამდენად მიზნობრივად დახარჯა ქუთაისის მერიამ 2019 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები ცნობილი სავარაუდოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ გახდება.

სანამ მაკონტროლებელი ორგანო გასული წლით დაინტერესდება, ქუთაისის მერიამ 2020 წლის დადგომიდან ორ თვეში, საჩუქრებისა და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად უკვე 50 937 ლარი დახარჯა.

დღის ამბები