26 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა - სასამართლო პროცესი ზუგდიდში

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა დანაშაული აღიარა - ამის შესახებ განცხადება ბაკურ სორდიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. რაიონულმა სასამართლომ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაოდ ცნო - შესაბამისად პროცესზე მოწმეები არ დაიკითხებიან. გადაწყვეტილება მიუღებელია გარდაცვლილის მშობლებისთვის. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და მკვლელობაში სორდიას ადანაშაულებენ. 35 წლის ეკა მიქავა სოფელ შამგონაში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს.

"იმედია მოსამართლე გამოიტანს იმ განაჩენს, რაც მკვლელს შეეფერება. ის თავს არ მოიკლავდა, ხელები მოსტეხა, გაანადგურა და მერე როგორ ჩამოიკიდა თავი," - აცხადებს ეკა მიქავას დედა.

"ბრალდებულმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა ორივე ეპიზოდი და სწორედ მისი ამ პოზიციიდან გამომდინარე იქნა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიღებული,"- აცხადებს საქმის პროკურორი.

ბაკურ სორდია პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სორდიას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით არის აღძრული.

დღის ამბები