26 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
"რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსახლეობას, თუ ვინ არის "ბოსი" - ოკუპირებულ ცხინვალში საკვების და წამლების დეფიციტია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარი აფასებს. როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, სამაჩაბლოს დღევანდელი ეკონომიკა სრულ კოლაფსშია.

"ევრაზიული კავშირის დოკუმენტებით, ე.წ მესამე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები არის არა ინდივიდუალური ქვეყნების პრეროგატივა, არამედ ევრაზიული კავშირის, როგორც ერთობის. 

შესაბამისად, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ევრაზიული კავშირის წევრები და ჩვენი მეგობრები არიან, მოვახდინოთ შესაბამისი ზემოქმედება. სამაჩაბლოს დღევანდელი ეკონომიკა სრულ კოლაფსშია. მაგალითად, სამაჩაბლო ყოველთვის აწარმოებდა რძის პროდუქტებსა და ბურღულეულს, დღეს კი ამას ვერ აკეთებს. შესაბამისად, მისი პერსპექტივები არის მხოლოდ რეინტეგრაციაში საქართველოს ეკონომიკასთან და სატრანზიტო ფუნქციის ათვისებაში, ამას კი, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე სამაჩაბლოს ხელმძღვანელობა ვერ გააკეთებს," - განაცხადა "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა. 

რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, თუ ვინ არის "ბოსი" - ამ სიტყვებით ეხმაურება სამაჩაბლოში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი.

"ფაქტობრივად მითია ის, რომ დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთმა სრულიად უკანონოდ აღიარა, რეალურად არსებობს და ის, რომ ეს რეგიონები რუსეთზე არიან დამოკიდებულები ამ ქმედებებითაც ნათლად იკვეთება, როგორც ჩანს რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, თუ ვინ არის "ბოსი" და ვის ხელთ არის მართვის სადავეები," - აღნიშნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თეონა აქუბარდიამ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვების და წამლების დეფიციტია. მოსკოვმა რეგიონში ტვირთის გადაზიდვა შეზღუდა. აღარ უშვებენ მანქანებს, რომლესაც რუსეთიდან ცხინვალში პროდუქცია ჩააქვს. მოსკოვი მიზეზად მოქმედ კანონს ასახელებს და გადამზიდავებს დეკლარაციის წესებს უმკაცრებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასებიც გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებას და აფთიაქებისთვის ქართულ წარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

დღის ამბები