06 მაისი 2024,   02:33
ვრცლად
Bloomberg: იდლიბში რუსეთის შესაკავებლად თურქეთი აშშ-ს "პატრიოტის" რაკეტებს სთხოვს - სირიაში ვითარება დაიძაბა

სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბის რეგიონზე საჰაერო იერიშის შედეგად 2 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით reuters-ი ავრცელებს.

თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმა თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ერთ დღეში მოხდა. გუშინ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული არმია იდლიბში შესვლას აპირებდა, რომლის ხელში ჩაგდებასაც სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთის ავიაციის დახმარებით გეგმავდნენ.

თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, თურქი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ მოკლული იქნა სირიის სამთავრობო ძალების 50-ზე მეტი ჯარისკაცი და განადგურებული იქნა 5 ტანკი, 2 ჯავშანტრანსპორტიორი, 2 დაჯავშნილი სატვირთო და 1 "ჰაუბიცა".

"იდლიბში რუსეთის შესაკავებლად თურქეთი აშშ-ს "პატრიოტის" რაკეტებს სთხოვს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Bloomberg-ი.

Bloomberg-ი თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა აშშ-ს სთხოვა ქვეყნის სამხრეთ საზღვართან განათავსოს 2 ანტისარაკეტო კომპლექსი "პატრიოტი", რათა ეს ტერიტორია დაცული იყოს რუსეთის ავიაციის მიერ მხარდაჭერილი სირიის ჯარების თავდასხმისგან. თურქი ჩინოვნიკის თქმით, ჰათაის პროვინციაში "პატრიოტების" განთავსების შემდეგ ანკარას საშუალება ექნება ასადის წინააღმდეგ F-16 სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენოს. მისი თქმით, თურქეთს აშშ-სგან პასუხი არ მიუღია თხოვნაზე, რომელიც სირიის საქმეებში აშშ-ის წარმომადგენლის ჯეიმს ჯეფრის მეშვეობით გასულ კვირას გადაეცა.

თურქეთი აშშ-ს პატრიოტების განთავსებას სთხოვს იმ ფონზე, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გარკვეულწილად დაიძაბა იმის გამო, რომ თურქეთმა აშშ-ის მუქარის მიუხედავად, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ები შეიძინა. 

თურქი ჩინოვნიკის თქმით, ოფიციალურ ანკარას არ მიაჩნია, რომ "პატრიოტების" განთავსება, რომელიც  თურქეთმა ნატოელ მოკავშირეს ქვეყნისთვის რთულ ეტაპზე სთხოვა, რაიმე დათმობას სანაცვლოდ უნდა მოხდეს.

დღის ამბები