06 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
ვის დაუკავშირებს პოლიტიკურ გეგმებს ვანო მერაბიშვილი - ყოფილი პრემიერის დაბრუნება

7-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და ხელისუფლების შეცვლას აანონსებს. გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამბობს, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად ოპოზიციასთან ერთად იბრძოლებს.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრებიც დააანონსა, თუმცა, ჯერჯერობით, ღიად ტოვებს საკითხს, კონკრეტულად, რომელ პარტიაში გაწევრიანდება. ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიტიკური გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია.

ვანო მერაბიშვილის მსგავსად, პოლიტიკური თანამშრომლობის დეტალებზე კონკრეტულს არაფერს ამბობენ ყოფილი პრემიერის ყოფილი თანაგუნდელები. "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და "ევროპულ საქართველოშიც" განმარტავენ, რომ ვანო მერაბიშვილის გადასაწყვეტია, რომელ პარტიასთან ერთად განაგრძობს პოლიტიკურ აქტივობას. თუმცა, ორივე პოლიტიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მერაბიშვილის პოტენციალი ხელისუფლების შესაცვლელად მნიშვნელოვანია.

ვანო მერაბიშვილს ტერმინოლოგია დაუწუნეს და პოლიტიკურად გაემიჯნენ "ლელოში." მამუკა ხაზარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკურ კავშირზე უარს ამბობენ ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც.

"ძალა ერთობაშიას" პრინციპით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ვანო მერაბიშვილთან კომუნიკაციას არ გამორიცხავს. "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ყოფილ თანაგუნდელთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს, "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში თანამშრომლობენ პარტიები და არა ინდივიდები.

ვანო მერაბიშვილის ტერმინოლოგიამ დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატი ამბობს, რომ სასჯელის მოხდის მიუხედავად, ყოფილი პრემიერის მიმართ შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს. გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

ყოფილი პრემიერის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების რესურს სკეპტიკურად უყურებენ მმართველ გუნდში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც ოპოზიციისთვის პოლიტპატიმარია, უმრავლესობისთვის კრიმინალად რჩება. "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის დამნაშავეები არიან ისინიც, ვინც ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა პოლიტპატიმრებად მოიხსენია და თავისუფლებას დაჰპირდა.

მმართველ გუნდში მერაბიშვილს ყველა იმ ბრალდებულს ახსენებენ, ვინც სასჯელს მატროსოვის ციხეში ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდის.

ვანო მერაბიშვილს სერიოზულ პოლიტიკურ ოპონენტად არ აღიქვამენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ყოფილ პრემიერს მთავრობის მოქმედმა მეთაურმა, გიორგი გახარიამ უპასუხა და დამხობასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ყოფილი მაღალჩინოსნის განსაკუთრებულ პოლიტიკურ შანსებს ვერც მთვარობის სხვა წევრები ხედავენ.

ვანო მერაბიშვილმა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური გეგმები და ის, თუ ვისთან ერთად განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობას, გადაწყვეტილების მიღებისთანავე საჯარო გახდება.

დღის ამბები