26 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მსოფლიოდან - რუსეთის ჰაკერული იერიში კანადამ, ახალმა ზელანდიამ, უკრაინამ და ისლანდიამაც დაგმო

ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ - ასე ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. პენტაგონი მოსკოვს მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც "ამერიკის ხმას" ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა უთხრა, პენტაგონი კრემლთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას იზიარებს.

"ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის. პენტაგონი შეუერთდა საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას," - აღნიშნა კარლა გლისონმა.

საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს ნატოს გენერალური მდივანიც. როგორც იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო მედიას განუცხადა, ალიანსი ოფიციალური თბილისის დახმარებას განაგრძობს, მათ შორის კიბერთავდაცვის სფეროში.

"ვგმობ ასეთ მავნე კიბერაქტივობებს და ხაზს ვუსვამ პროგნოზირებადი, ნორმებზე დაფუძნებული, უსაფრთხო კიბერსივრცის მნიშვნელობას. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი განაგრძობს საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის კიბერთავდაცვის საკითხებში," - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

კრემლის კიბერშეტევებს გმობს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფო რუსეთს მოუწოდებს მსგავსი დესტრუქციული ქმედებები შეწყვიტოს.

"როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ჩვენ ვგმობთ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას, საერთაშორისო საზოგადოება მოვუწოდებთ რუსეთს შეჩერდეს. საქართველოს გვერდით ვართ, მოხარული ვარ რომ ამდენმა ქვეყანამ გამოხატა შეშფოთება," - აცხადებს 
ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაქენზი სმიტი.

რუმინეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ახალი ზელანდია, კანადა და უკრაინა ეს ის სახელმწიფოებოა, რომელთაც სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთის მასშტაბური ჰაკერული იერიში დაგმეს და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დღის ამბები