27 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
"ევროკავშირი ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგას" - ჰარცელი კიბერთავდასხმაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი  კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევას და გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, გააგრძელონ დახმარება საქართველოს კიბერმედეგობის გასაზრდელად.

"კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების   გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს”, - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელმა თქვა, რომ "კიბერშეტევის კონკრეტული აქტორისთვის მიკუთვნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა" და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადება უკვე გააკეთა.

 "ევროკავშირი  ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.  ჩვენი ახალი პროგრამა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მმართველობის სფეროში (SAFE) ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ და სხვა მზარდ გამოწვევებზე. ამ პროგრამის საშუალებით გვსურს გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავზარდოთ მედეგობა კიბერდანაშაულის და კრიტიკულ  ინფრასტრუქტურაზე  მიმართული თავდასხმების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან”, -  განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები