27 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში 19 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მიხეილ ზაუტაშვილს განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირების განზრახ მკვლელობა ედება ბრალი. მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ბრალი გუშინ წაუყენეს. 

პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე გარკვეულ საფრთხეებზე ისაუბრა. საუბარია ბრალდებულის მხრიდან ადგილიდან მიმავლის საფრთხეზე, ასევე მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეზე. დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდებას საფრთხეებთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

19 წლის მამაკაცის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც ბრალად დედისა და ბებიის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ედება, დიდი ალბათობით, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"ამ ეტაპზე, ის დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მაღალი ალბათობით, მას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა პრობლემები როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში, სკოლაში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მან რამდენიმე სკოლა გამოიცვალა სწორედ იმის გამო, რომ სკოლებში იყო ბულინგის შემთხვევები," - განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.

 

დღის ამბები