26 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
კორონავირუსი საქართველოში - როგორი მზადყოფნაა ქვეყანაში და რა პრევენციული ღონისძიებებია დაგეგმილი

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ მუშაობაზეა გადასული.

ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ მდგომარეობა კონტროლდება, მზადყოფნაა გამოცხადებული ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, დაინფიცირებული პირების გადაყვანა იქნება აუცილებელი. ასეთი კი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმეა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს პრეზიდენტი შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშო მდგომარეობა არ არსებობს, საზღვრები კონტროლდება და საზოგადოებას მოუწოდებს პანიკას არ აყვნენ.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, სამინისტროში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, იგეგმება პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გაძლიერება და დამატებითი მარაგების შესყიდვა.

24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ მგზავრებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში. განსაკუთრებით კი იმ პირებს, ვინც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოდის. ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია - ეს ოთხი ქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღალი რისკის სახელმწიფოებად განსაზღვრა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს შემოსავლების სამსახური - სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, აეროპორტებსა და პორტებში.

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება შეზღუდულია ჩინეთსა და ირანთან, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან მიმოსვლის შეჩერებას არ გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის თავის კოლეგებთან აქტიურ კავშირზეა და მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა.

კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე მხოლოდ სანიტარული ნორმების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს სასწავლო დაწესებულებებისთვის. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სწავლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავენ ვერც ბაგა-ბაღების სააგენტოში და ყურადღებას ჰიგიენური ნორმების დაცვაზე აკეთებენ.

საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, პრემიერის დავალებით, სპეციალური მექანიზმის შექმნაცაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ირანში მოგზაურობის შემდეგ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები