27 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, რუსეთმა ე.წ დეპორტირებულებს 10 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის წარდგენილი აქვს სია, რომელთაც კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. 

"ჩვენ გვახსოვს რომ რუსეთთან ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე დავა დავიწყეთ იქედან, რომ რუსეთი ამბობდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციასა და კოლექტიურ გამოძევებას ადგილი არ ჰქონიაო და არც უკანონო პატიმრობები არ ყოფილა სახეზეო.

ჩვენ ეს დავა, მრავალი წლის პროცედურული პერიპეტიების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მოვიგეთ. თავიდან სია იყო წარდგენილი ძალიან მცირე, რადგან ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვთვლიდით, რომ შეიძლებოდა საილუსტრაციო სიის საფუძველზე უბრალოდ დარღვევები დადგენილიყო, თუმცა, მერე შევხედეთ, რომ შეეძლო რუსეთს ამით ესარგებლა და ჩვენ მოვიქეცით ისე, რომ ასეულობით ადამიანის კონკრეტული შემთხვევა წარვადგინეთ და სრულყოფილი სია შევქმენით სირთულეების მიუხედავად.

მათ აქვთ მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი დარჩენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რუსეთი ამბობს, რომ 10 მილიონი ევრო მე საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ, საქართველომ უნდა მითხრას, რომ მე ამ თანხას რომ ჩაგირიცხავ, ვისზე განაწილდება.

ყოველ ჯერზე, მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, როდესაც რუსეთი ერთსა და იმავე არგუმენტს აყენებს, რომ მას სჭირდება სია, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს სია არსებობს და ჩვენს არგუმენტს ყოველ ჯერზე იზიარებს მინისტრთა კომიტეტი. ამასთან ისინი გამოსცემენ საქართველოს არგუმენტების შესაბამის რეზოლუციას და ახსენებენ რუსეთს, რომ  არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და რომ უპირობო ვალდებულებაა ამ თანხის ჩარიცხვის," - აღნიშნავს, თეა წულუკიანი. 

ოფიციალური მოსკოვი არ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას იქამდე, ვიდრე არ შედგება ზუსტი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტაციის გამო დაზარალდნენ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია დარღვევების და თანხის ოდენობის დაკონკრეტებასაც ითხოვს. პირობები, რომელიც ასახულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გეგმაში, არ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს გზით დაკისრებული 10 მილიონი ევროს გადახდას და არც სიაში წარმოდგენილი 1795 ადამიანის დაზარალებულად ცნობას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები