27 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
კორონავირუსის შედეგად ირანელი დეპუტატი მუჰამედ დასტაკი ​გარდაიცვალა

ირანელი დეპუტატი მუჰამედ დასტაკი ერთ-ერთია იმ ირანელებს შორის, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლა. მაღალჩინოსნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. დაღუპულთა ოფიციალური სტატისტიკა 35-მდე გაიზარდა. განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს "ბი-ბი-სი" წყაროზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თეირანი რეალურ მონაცემებს მალავს და ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა. ახალი ვირუსით დაინფიცირებულთა შორისაა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის წევრები. 10-დღიანი უშედეგო მკურნალობის მიუხედავად, ვირუსმა 23 წლის ირანელი ფეხბურთელი ქალი იმსხვერპლა.

ფატალური შემთხვევების რაოდენობით, ჩინეთის შემდეგ, ირანში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ ცხადდება. თუმცა, ვირუსის პრევენციის მიზნით, ირანის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა.

"დიახ, მე კორონავირუსი დამიდგინდა. მართალია ქვეყანაში ვირუსი ფართოდ გავრცელდა, მაგრამ განგაშის მიზეზი მაინც არ გვაქვს. ამჟამად კარანტინში ვარ და აუცილებლად დავამარცხებ ამ ვირუსს," - აცხადებს ირანის პარლამენტის წარმომადგენელი მოშტაბა ზოლნური.

რეკორდულად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები სამხრეთ კორეაში. ვირუსს უკვე 3000-მდე პაციენტი ებრძვის. COVID-19-მა17 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დახურულია.

"ამ რთულ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. სხვა ქალაქებიდან გვიგზავნიან პირბადეებს. ეს კი ჩვენ ძალიან გვაიმედებს და უფრო გაბედულები ვხდებით ვირუსთან ბრძოლაში" - აღნიშნავს ქალაქ დაეგუს მერი, ​კვონ იუნგ ჯინი.

რთული მდგომარეობაა იტალიაშიც, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ვირუსს 900-მდე პაციენტი ებრძვის. ამ დრომდე კარანტინში რჩება ქვეყნის 10-ზე მეტი ქალაქი. დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კულტურული ცენტრები. პრევენციულ ზომებს მიმართავს საფრანგეთიც, სადაც მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად მუშაობა დაუშვა. საფრანგეთში ამ დრომდე ინფიცირების 57, ხოლო გარდაცვალების 2 შემთხვევა გამოვლინდა.

"დაინფიცირებული 2 პაციენტი, ჯანმრთელების სერიოზული პრობლემებით, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ისინი ეგვიპტეში იმყოფებოდნენ. ახლა ვარკვევთ ინფიცირებულებს ვისთან ჰქონდათ კონტაქტი. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო და ვუთხრა, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ყველაფრისთვის მზად არის. ჩვენ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში არ ვართ და სერიოზულად ვმუშაობთ ვირუსთან საბრძოლველად," - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა. 

კორონავირუსის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, ორეგონის შტატის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი.

"დაინფიცირების ახალი შემთხვევების გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ. ღელვის მიზეზი სერიოზულია. დაინფიცირებულს არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია ასევე არ ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულებთან. აქამდე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. არ ვიცით რა სისწრაფით გავრცელდება ინფექცია დაავადებულის ახლობლებსა თუ ნათესავებზე. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით," - აცხადებს ორეგონის შტატის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი პეტ ალენი.

ვირუსის გავრცელების მასშტაბებს ამერიკის პრეზიდენტი ეხმაურება.

"წელიწადში გრიპისგან 35 ათასი ადამიანი იღუპება. როცა ეს ინფორმაცია მოვისმინე, შოკირებული ვიყავი. ვინმემ თუ იცოდა ამის შესახებ? ახალი ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება ამერიკაში. ჩვენ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს და ნებისმიერი ყველაზე ცუდი შემთხვევისთვისაც კი მზად ვართ. ამ ფონზე კი, გაგიკვირდებათ და პრესა სრულ ისტერიკაშია" - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

ირანთან მიმოსვლის წესები გაამკაცრა ავსტრალიამ.პირველი მარტიდან ქვეყანაში ჩასვლის მსურველებს ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი უნდა ჰქონდეთ გავლილი. რაც შეეხება ირანიდან ჩასულ ავსტრალიის მოქალაქეებს, მათ 2 კვირა თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ავსტრალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით 25 ადამიანია დაინფიცირებული.

"ვირუსის გამო ირანიიდან ჩამოსული ავსტრალიის მოქალაქები თვითიზოლაციაში იქნებიან. ეს პერიოდი 14 დღე გაგრძელდება. ავსტრალიაში ვერ შემოვა ვერც ერთი მგზავრი, თუ ირანში ინკუბაციის პერიოდი არ ექნებათ გავლილი. ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა დიდი არ არის თუმცა პრევენციის მიზნით ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა," - ამბობს ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი, გრეგ ჰანთი.

კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია - ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აკეთებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

"კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. რადგან ყოველდღიურად მატულობს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები სხვადახვა ქვეყანაში. ჩვენი სპეციალისტები აკვირდებიან ვირუსის გავრცელების დინამიკას. ვირუსის შეკავება შესაძლებელი იქნება, თუ ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების ჯაჭვს გავწყვეტთ," - აცხადებს ჯანდაცვის ​ მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი, ტედროს ადჰანომ გებრიესუსი.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 85 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 924 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.

დღის ამბები