27 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
სომხეთის პრემიერი ილია მეორემ მიიღო - რა განცხადებები გაკეთდა საპატრიარქოში

თბილისში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრემიერი ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა ეკლესიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესების პერსპექტივებზე ისაუბრა:

"ჩვენ აქ ერთმანეთს პირველად 2018 წლის ივნისში შევხვდით და ძალიან ნათელი მოგონებები მაქვს ჩვენი შეხვედრიდან და საუბრიდან შემორჩენილი. მოხარული ვარ გითხრათ, რომ ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი პოზიტიური რამ მოხდა ჩვენს ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოვახერხეთ, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრის გაკეთება, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა ახალ დონეზე აგვეყვანა. თქვენ საუბრობდით ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებაში და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი ერების ქრისტიანული იდენტობა და ღირებულებები ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობაშიც იგრძნობა და მიმაჩნია, რომ ამ დროის განმავლობაში ეს ფაქტორი გაძლიერდა და მომავალშიც კიდევ უფრო გაძლიერდება. ვფიქრობ, რომ თქვენი პირადი როლი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალია და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ადვილი დრო არაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს, ერებსა და ეკლესიებს შორის თანამშრომლობით საერთო ვითარების კუთხით რეალურ ცვლილებებს მივაღწიოთ. ნამდვილად, ძალიან მოხარული ვარ, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების ატმოსფერო ყოველთვის კარგი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ის უკეთესი გახდა და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებაში," - განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა.

ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკლესიები ხელს შეუწყობენ ურთიერთკავშირის განვითარებას სახელმწიფოებს შორის:

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სირთულეები ჩვენ უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება და ჩვენი ეკლესიები ხელს შეუწყობენ ურთიერთკავშირის განვითარებას ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის,"- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრემაც:

"ჩვენი ქვეყნების ისტორია ისეთია, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელი იყო. თქვენი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის გამოხატულებაა. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ერების ქრისტიანული ღირებულებები მნიშვნელოვანია. ქართულ და სომხურ ეპარქიებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სტუმრობისთვის,"- აღნიშნა მეუფე შიომ.

დღის ამბები