29 მაისი 2020,   04:18
ვრცლად
ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს დაესწრო

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესს დღეს პირველად დაესწრო, დაკავებულმა მოსამართლე გიორგი არევაძეს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ განცხადებიდან მალევე სასამართლო სხდომა დაიხურა, რადგან საქმეზე დასაკითხ პირთა შორის არასრულწლოვანებიც არიან.

მარიანა ჩოლოიანი ლუკა სირაძის საქმეზე არასრულწლოვნისგან ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებითაა დაკავებული, დღეს საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. მხარეები მოსამართლის წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგნენ. დაცვის მხარე აქტიურად საუბრობს მტკიცებულებების არარსებობაზე, გაგი მოსიაშვილი ერთადერთ ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი თქმით, საქმეში დაინტერესებულ პირს ეკუთვნის.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გენერალურ ინსპექციას მიმართა.

დღის ამბები