10 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს დაიცვან თვითიზოლაციის წესები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 56 პირი.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება. იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

დღის ამბები