27 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კორონავირუსით დაინფიცირებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის, ექიმები ისევ მძიმედ აფასებენ. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება სუნთქვის უკმარისობის თანხლებით. ქალის დაინფიცირება მიცვალებულის მოსახსენებელ ღონისძიებას უკავშირდება, აღნიშნულ ღონისძიებაზე 80-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათ შორის იყო დაინფიცირების წყაროც, ამიტომ არაა გამორიცხული, კორონავირუსი სხვა პირებსაც გამოუვლინდეს და დაავადებულთა რიცხვი გაიზარდოს. ამავე ღონისძიებაზე მყოფ ცოლ-ქმარს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 80 წლის პაციენტზე 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და ის რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება:

"მოგეხსენებათ აღნიშნული ასაკი წარმოადგენს მაღალ რისკ-ფაქტორს დაავადების გართულების, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა სომატური პათოლოგია, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ასევე, ჩატარებული კვლევით დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირება, მოგეხსენებათ, ჩვენი კლინიკა ხელმძღვანელობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლებითა და გაიდლაინებით, ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ორმხრივი ატიპიური პნევმონია, სუნთქვის უკმარისობის მიმდინარეობით. დაწყებულია მკურნალობა, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი, იმყოფება რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ზოგადი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. ბოლო სამი პაციენტი, რომელთანაც იდენტიფიცირებულ იქნა COVID-19 ერთ კლასტერს წარმოადგენენ, ესენი 11 რიცხვში იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, წყარო იქ ვინ იყო, იდენტიფიცირებულია. აქ არ არის მეოთხეულ გავრცელებაზე ლაპარაკი, ეს არის მესამეული გავრცელება, ვინაიდან ეპიდემიოლოგიის გათვალისწინებით წყარო დადგენილია, მჭიდრო კონტაქტი ამ ადამიანებთან," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები