03 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელის გარდა თავდაცვის ძალები დამატებით ოთხ სპეციალურ გამშვებ პუნქტს აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ. 

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს ამოწმებენ. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს.

დანაყოფი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიისა და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო.

თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

დღის ამბები