26 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
გვაქვს თუ არა კორონავირუსი - ხვალიდან ამის დადგენას ექიმები 1 საათში შეძლებენ

ხვალიდან სპეციალისტებს სწრაფი ტესტებით მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოტანილ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო საშუალებებს პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენებენ. სწორედ იქ, სადაც ეპიდაფეთქების დიდი რისკი და ეპიცენტრია. მედიკოსებს ეს საშუალებას მისცემს, შესაძლო შემთხვევები სწრაფად გამოავლინონ და ადამიანები იზოლაციაში დროულად გადაიყვანონ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მიდგომა ეპიდემიის გავრცელების ტემპებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

სწრაფი ტესტების შემოტანა 4 ეტაპად იგეგმება და აპრილის ბოლომდე ქვეყანაში 200 000-მდე სადიაგნოსტიკო საშუალება იქნება. თუკი აქამდე კორონავირუსის ამოცნობა მხოლოდ PCR ტესტით იყო შესაძლებელი, ახლა გაჩნდება ანტიგენური ტესტი, რომელიც ვირუსს საწყის ეტაპზე ავლენს. გვაქვს თუ არა COVID-19  - ამის დასადგენად რამდენიმე საათის ნაცვლად უკვე ერთი საათი იქნება საჭირო. სახელმწიფო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სწრაფი ტესტების კომერციული მიზნებით გამოყენებას. 

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, ახალი ტესტები პრიორიტეტულად გამოიყენოს მედპერსონალისა და რისკჯგუფის ადამიანებისთვის. მოქალაქეები სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირებას მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეძლებენ. 

სპეცილიასტები მოქლაქეებს დღეს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ სწრაფი ტესტის ჩატარება ყველასთვის აუცილებელი არ არის. სწრაფი სადიაგნოსტიკო საშუალებების მასობრივი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუკი ქვეყანაში ვირუსი უკონტროლოდ გავრცელდება. მედიკოსები მოქალაქეებს ურჩევენ, კონსულტაცია ჯერ ოჯახის ექიმთან სატელეფონო ზარის საშუალებით გაიარონ და ექიმის ნებართვის შემდეგ მიაკითხონ კლინიკას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. საავადმყოფოებში სწრაფი ტესტის მოთხოვნით მოსახლეობის დიდი რაოდენობით მისვლამ და რიგებმა, შესაძლოა, ვითარება გაართულოს. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები იმ რისკებზეც საუბრობენ, რის შედეგადაც, შესაძლოა, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის წარმატებული მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის წარუმატებელი აღმოჩნდეს.

ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ სწრაფ ტესტებს დღეს უკვე მასობრივად გერმანია, ისრაელი და ამერიკა იყენებენ. რეკომენდაციებისა თუ სწრაფი ტესტებით დიაგნოსტირების შესაძლებლობის მიუხედავად - "დარჩი სახლში" COVID-19- თან ბრძოლის უალტერნატივო მეთოდად მიიჩნევა. რაც უფრო მეტი იქნება სოციალური დისტანცია, მით უფრო დაიკლებს შანსი, ვირუსი სწრაფი ტემპით დიდ მასშტაბებზე გავრცელდეს.

დღის ამბები