26 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევის შემდეგ ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომლის დედასაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

გამოკვლეულია ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს მოთავსებული პაციენტების კონტაქტები და ამ დროისთვის არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა, მისი ანალიზის პასუხი სუსტად დადებითია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. მათ შორის არის ცენტრის ექიმი, რომელსაც, სავარაუდოდ, ვირუსი პაციენტისგან გადაედო. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, რომ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება, მისივე თქმით, სამიდან ორს "კოვიდ 19"-თან ერთად პნევმონიაც აღენიშნება.

"ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია ინფიცირებული, მათგან ორს კოვიდთან ერთად პნევმონია დაუდასტურდა. სავარაუდო კონტაქტებს რაც შეეხება, მათი ნაწილი გამოკვლეულია და დარჩენილი ნაწილის კვლევაც მიმდინარეობს,"- განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

დღის ამბები