27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
სეს-ის სტანდარტი უნდა შეასრულონ როგორც აგრარული ბაზრების მოვაჭრეებმა, ისე მომხმარებლებმა - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების დაკეტვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბაზრების ტერიტორიის სწრაფი დეზინფექციისთვის მიიღო. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგრარული ბაზრები COVID 19-ის გავრცელებისთვის მაღალი რისკის ობიექტებს წარმოადგენენ და ამიტომ, მათი ფუნქციონირება შეზღუდული იქნება. 

მინისტრმა განმარტა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის შესრულების შედეგად, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სეს-ის მიერ შემუშავებული სტანდარტი წარედგინება ბიზნესოპერატორს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი ზედმიწევნით დაცვა. სტანდარტი გულისხმობს მოვაჭრე პერსონალის უზრუნველყოფას სპეციალური დამცავი საშუალებებით, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას, ადგილზე სანიტარული საშუალებების არსებობას.

ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მომსახურე პესრონალი უნდა იყოს რეგისტრირებული და ხელმისაწვდომი იყოს მის შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის, ახლო კონტაქტები ბოლო 14 დღის განმავლობაში, მოგზაურობის ისტორია და ა.შ. სტანდარტის მიხედვით, 70 წელს გადაცილებულები და გარკვეული დაავადებების მქონე პირები აგრარულ ბაზრებში მუშაობას ვერ შეძლებენ.

როგორც მინისტრი ამბობს, ამ სტანდარტში გათვალისწინებულია დახლებს შორის დისტანციაც.

მინისტრის ინფორმაციით, სეს-ის სტანდარტი განსაზღვრავს მომხმარებელთა ქცევის წესებსაც, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე და მის მიერ დაცული იყოს სანიტარულ ჰიგიენური ნორმები.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე ან მომხმარებელი ამ სტანდარტს დაარღვევს, მათ დაეკისრებათ ის სანქციები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს.

დღის ამბები