27 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
კორონავირუსი თერჯოლაში - შუახნის ქალის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

იმერეთის რეგიონს კიდევ ერთი ქალაქი დაემატა, სადაც ინფექციური დაავადება დაუდგენელი გზით გავრცელდა. საქმე ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტს, ქალაქის საავადმყოფოში სოფელ ღვანკითიდან შუახნის ქალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს. კონტაქტების ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. ოჯახის წევრების ნაწილი დატესტილია COVID-19-ზე და მათ ინფექცია არ აღმოაჩნდათ, ნაწილი პასუხს დღეს ელოდება. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ინტენსიური შემოწმება და თერმოსკრინინგი სოფელში ჯერჯერობით არ დაწყებულა.

ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრების თქმით, დაინფიცირების წყარო მათთვისაც უცნობია, რადგან არანაირი საეჭვო კავშირი არ ჰქონიათ.

"არც მოსულა ვინმე, არც გარეთ გასულა ჩემი დედამთილი, ცოტა ავადმყოფობს, ჩვენ წაგვიყვანენ და ანალიზს გავიკეთებთ,"- აცხადებს ოჯახის წევრი.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებსაც საკმაოდ აქტიური და მობილური სამსახურები აქვთ.

ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, 55 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე არაა და მიმდინარეობს დამატებითი დაკვირვება და კვლევები.

დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მთავრობა და გამკაცრდება თუ არა ზომები თერჯოლასთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები