03 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
საქართველოს მთავრობა დაეხმარება კორონავირუსისგან დაზარალებულ საზოგადოებას-ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მოადგილეებთან ერთად, ვიდეოკონფერენცია გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან, რომლის დროსაც, მხარეებმა კიდევ ერთხელ, დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდის თაობაზე.

როგორც ცნობილია, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ, საქართველო მიიღებს, დაახლოებით, 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას. ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელიც მოიცავს როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ისე ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, რომლის საერთო მოცულობა, ჯამში, დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარია, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის აღდგენას.

"საქართველოს მთავრობა  საზოგადოების წინაშე წარსდგება იმ საკომპენსაციო პაკეტით, რომლითაც უპასუხებს იმ გამოწვევებს რაც დღეს არის და დაეხმარება ვირუსისაგან დაზარალებულ ჩვენს მოსახლეობას,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კი აცხადებს, რომ მხარეებს შორის საბოლოო დეტალებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

"შეთანხმება, რომელთანაც ჩვენ ძალიან ახლოსა ვართ პროგრამის მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი ხაზგასამაა. ახლაც მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ და ვთანხმდებით საბოლოო დეტალებზე,"- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

დღის ამბები