26 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
თეთრიწყაროს კლასტერი შესაძლოა გაფართოვდეს - პარალელურად კი რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

თეთრიწყაროში დღეს კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლის დედა. ორივე ინფიცირებული შესაბამის სამედიცინო განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

გაფართოვდება თუ არა თეთრიწყაროს კლასტერი, ხვალ გახდება ცნობილი. ადგილზე ლუგარის სპეციალისტები მთელი დღის მანძილზე მუშაობდნენ. ჩატარდა მოსახლეობის შემოწმება. სპეციალისტებმა თეთრიწყაროს წითელი ზონა უკვე დატოვეს. მათ გამოსაკვლევად, დაახლოებით, 60 ადამიანის ბიოლოგიური მასალა აიღეს.

პარალელურად, თეთრიწყაროს საკარანტინო ზონაში მოსახლეობის შემოწმება გრძელდება. ადგილზე მკაცრად კონტროლდება ყველა შემსვლელი და გამსვლელი ავტომობილი და მოქალაქე. გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვიც და ამ დროისთვის, 150-ს მიაღწია, ასევე, საკარანტინო პირობებში იმყოფება 47 პირი.

რაც შეხება მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქტებს, თეთრიწყაროს მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქში წესრიგია და ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს. მათივე განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. დღეიდან ადგილზე არსებულ ბლოკპოსტებსაც აიღებენ. მუნიციპალიტეტში მოსახლეობას თერმოსკრინინგი და შემოწმება ჩაუტარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტი 10 აპრილს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ერთ-ერთ ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი ვირუსი მასთან კონტაქტში მყოფ პირებსაც აღმოაჩნდათ, სულ მუნიციპალიტეტში ხუთი ინფიცირებული იყო.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყურშიც. სოფელი, სადაც 18 ოჯახი ცხოვრობს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 12 აპრილს ადგილობრივ მცხოვრებელს ინფექცია დაუდასტურდა. სოფელი 13 აპრილს სრულად ჩაიკეტა და მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყო. შიდა ქართლში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დამატებითი შეზღუდვები მოიხსნა ვანშიც, სადაც განთავსებული ორი ბლოკპოსტი მოიხსნა. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველა კონტაქტის გამოიკვლიეს და ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფექციის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შიდა გავრცელების ფაქტების გამო ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში გამკაცრდა.

ამ დროისთვის საქართველოში, ლაბორატრიულად, კოვიდ-19-ის 511 დადასტურებული ფაქტია . ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები კვლავ წითელ ზონებად რჩება. სამივე რეგიონში მკაცრი საკარანტინო ზომები მოქმედებს, სადაც სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები აკონტროლებენ.

დღის ამბები