26 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
ჯოკონდა და ტრამპი ნიღბით - კორონას პანდემიამ წამყვანი გამოცემების მიდგომებიც თავიდან ბოლომდე შეცვალა

ჯოკონდა ნიღბით, ტრამპიც ნიღბით, ოღონდ თვალებზე, დაცარიელებული ნიუ-იორკი, ცარიელი ფურცელი ბომონდური ფოტოების ნაცვლად. კორონაპანდემიამ წამყვანი გამოცემების მიდგომებიც თავიდან ბოლომდე შეცვალა. ცნობილი გამოცემები, ჟურნალები, გაზეთები მკითხველისთვის ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე შეიცვალა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ვიზუალურად. დღეს ყველას ერთი თემა აქვს, ეს პანდემიაა.

"ვანითი ფაირის" ბოლო გამოცემის გარეკანს სუპერმოდელები და ცნობილი ადამიანები აღარ ამშვენებდნენ. არც "გუჩის" გარეკანზე გამოჩენილან ვარსკვლავები ფილმებიდან. გამოცემის პირველი გვერდი იმ ადამიანს დაეთმო, რომელიც ახალი სამყაროს მთავარი ატრიბუტით, ნიღბით არის შეიარაღებული. ეს უკვე უხილავ მტერთან გამკლავების მთავარ მეთოდად იქცა.

თუ აქამდე მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთების მთავარი თემა სილამაზისა და მოდის ირგვლივ ცვლილებებს ეხებოდა, დღეს ადამიანების ემოციური მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ლამაზი და მომხიბვლელი მოდელები და ვარსკვლავები ექიმებმა, პირბადეებმა და სხვადასხვა სახის გამამხნევებელმა წარწერებმა ჩაანაცვლეს.

გლამურული პრესისგან განსხვავებით, პანდემიამ უცვლელი დატოვა ეკონომიკურ-პოლიტიკური კონტენტის ჟურნალ-გაზეთების რიტორიკა. ჟურნალ "ნიუ-იორკერის" გარეკანზე დონალდ ტრამპი თვალებზე აფარებული სამედიცინო პირბადით არის. რედაქტორის განმარტებით, ფოტო შეერთებული შტატების ლიდერის პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკურ უმწიფობას სრულად ასახავს.

ჩინეთის პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის რეალური მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ, ჟურნალ "თაიმსის" გარეკანზე გამოჩნდა წარწერით - "კორონავირუსის აფეთქებამ შეიძლება დაანგრიოს სი ძინპინის ოცნება ჩინურ საუკუნეზე".

დღევანდელი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი რომ სოციალური დისტანცირებაა, გამომცემლობა "გარდიანმა" მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა. გასული კვირის გამოცემის გარეკანზეც სწორედ ის ფოტო გამოიყენა, სადაც ადამიანები ერთად, თუმცა ერთმანეთისგან დაშორებით დგანან.

"ვოგი იტალის" გამხსნელ გვერდზე ჩვენ ახლა საგაზაფხულო პროექტს უნდა ვხედავდეთ, თუმცა მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, დღეს ის თეთრი ცარიელი ფურცელია. თეთრი ფერი ხელახლა დაბადებასა და იმ ადამიანებთან ასოცირდება, ვინც ყოველდღიურად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენს გადარჩენას ცდილობს.

წყვილის ფოტო, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებშია გადაღებული, მაშინაც კაცობრიობა უხილავ მტერს სამედიცინო პირბადითა და სოციალური დისტანცირებით ებრძოდა. სწორედ ეს ფოტო გახდა დღეს "ვოგი პორტუგალიის" რედაქტორის ინსპირაციის წყარო. თითქმის 1 საუკუნის შემდეგ კადრი ახალი გმირებითა და ძველი და კარგად დავიწყებული ისტორიით გაცოცხლდა.

სანამ მსოფლიო საერთო უხილავ მტერს ებრძვის, წამყვანი გამოცემების რედაქტორების მთავარი ინსპირაციის წყაროდ 21-ე საუკუნის თეთრხალათიანი გმირები რჩებიან.

დღის ამბები