26 აპრილი 2024,   23:19
ვრცლად
სათაურად იქნება "დროებითი ღონისძიებები", რომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე მოისპოს - ანრი ოხანაშვილი სადავო ცვლილებების შესახებ

ოპოზიციის პროტესტისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტის შემდეგ ხელისუფლება დათმობაზე მიდის. კანონპროექტში, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, კონკრეტულ ლოკაციებზე შეზღუდვები დააწესოს, ცვლილებები შევა - დოკუმენტის სათაურშივე ჩაიწერება, რომ ის დროებითია და მითითებული იქნება კონკრეტული ვადა.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ ომბუდსმენის ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს და გამოთქვა იმედი, რომ თემის შესახებ სპეკულაციებს ბოლო მოეღება. 

"შევხვდით სახალხო დამცველს, ქალბატონი ნინო ლომჯარია მობრძანდა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გავიარეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც გასცა რეკომენდაცია. პრაქტიკულად, თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ქალბატონი ნინოს შემოთავაზება იყო, რომ როდესაც უფლების შეზღუდვა ხდება, შეზღუდვის ნაწილში თვალსაჩინო ყოფილიყო, რომ ლეგიტიმურ მიზანთან ერთად ეს არის პროპორციული საშუალება და ეს არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. ჩვენ ვამბობდით და მიზანიც ეს იყო, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება და პირდაპირ სათაურად იქნება "დროებითი ღონისძიებები" იმისთვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე მოისპოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ იყოს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცვლილებების შესწორებულ ვარიანტს დღეს პარლამენტში ორი მოსმენით განიხილავენ. დღესვე გაიმართება კენჭისყრაც. თუმცა, იქამდე გასარკვევია, რა ვადები გაიწერება კანონპროექტში.

დღის ამბები