27 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ტრანსპორტის მოძრაობა შეიძლება ნებისმიერ დროს აღდგეს - მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებულ დადგენილებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე განმარტებას აკეთებს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

"საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს," - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები: შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით). შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

 

 

დღის ამბები