27 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლინიკური ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის კოორდინაცია უნდა მოეხდინა, ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც ქვეყანაში ჯერ დაინფიცირებული პაციენტიც კი არ არსებობდა. ამის შესახებ  გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

"კლინიკური ჯგუფი რომელიც შეიქმნა ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით იყო ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ პირველი პაციენტი არ არსებობდა ქვეყანაში. ეს კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საერთოდ მკურნალობის ტაქტიკას და სტრატეგიას, ქვეყნის რომელ რეგიონშიც არ უნდა ყოფილიყო ინფიცირებული ან კოვიდის რისკის მატარებელი ადამიანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში PCR ტესტირების რაოდენობა გაიზარდოს და სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება:

"რაც შეეხება ტესტირების ნაწილს, მინდა ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურო, სამწუხაროა, როდესაც პატარა ქვეყანაში რომელიც პანდემიას ებრძვის, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. ეს ჩვენი პოლიტიკური კულტურის თემაა და ამას არ მინდა შევეხო.

მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი ეს არის PCR ტესტირება, ღმერთმა ისე ქნა,რ ომ ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი , მაგრამ საკმაოდ მყარი, მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიების ქსელი არსებობს, პირველ რიგში ეს გახლავთ ლუგარი, ეს გახლავთ ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, რომელთაც შეუძლიათ PCR  ტესტირების ჩატარება უმაღლეს დონეზე. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც პირველი შემთხვევები იყო დღეში ტარდებოდა 72-75 PCR ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000 და შესაბამის უწყებებს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს 10 ათასამდე ტესტის ჩატარება," - აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები