27 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
ვის ეკუთვნის კომპანია "სერპანტინი" და რატომ იგებს ის ყველა ტენდერს - TI შესაძლო კორუფციის ფაქტზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შესაძლო კორუფციის ფაქტზე საუბრობს. ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის, დედის კომპანია "სერპანტინის" სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებაზე საუბრობს.

მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის იანვარ-აპრილში, "სერპანტინმა" 7 249 170 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო, "სერპანტინის" მიერ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ 2013-2020 წლებში კი 112 მილიონ ლარს გადააჭარბა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე გიორგი ზედელაშვილის მხრიდან ჰესების მშენებლობისა და ექსპლოატაციის არაპირდაპირ დაინტერესებაზეც საუბრობს. 

"გიორგი ზედელაშვილს არაპირდაპირ აქვს საკმაოდ სერიოზული დაინტერესება ჰესების მშენებლობით და ექსპლუატაციით. 2018 წლის 3 მაისს პრემიერ-მინისტრმა, მაშინ გიორგი კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ორი განკარგულება გამოსცა მთავრობის - ერთი განკარგულებით "ხრამი ჰესის" მშენებლობისა და ექსპლოატაციის შესახებ მემორანდუმის გაფორმება დაეკისრა მთავრობის სახელით ეკონომიკის მინისტრს, და მეორე განკარგულებით "ოროჰესის" მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის უძრავი ქონება გამოეყო. "ხრამი ჰესის" დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელი არის მისი ძმისშვილი ლევან ზედელაშვილი და მეორე 50% წილის მფლობელი იყო თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ცოლის და,"-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გიორგი ზედელაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.

დღის ამბები