26 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან

ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა - ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში საუბარი მოუწევს. კობა გვენეტაძეს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.

ოპოზიცია ეროვნული ბანკის მუშაობას უარყოფითად აფასებს და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს. ამავე თემებზე აქვთ შეკითხვები უმრავლესობაშიც.

"ეროვნული ბანკი აგვიანებდა მოქმედებებს. განსაკუთრებით არასწორად იქცეოდა ლარის კურსთან დაკავშირებით და მისი დაგვიანებული რეაგირება გავლენას ახდენდა ფასების ზრდაზე. ამავე დროს მთავრობა თავისი ბიუჯეტით ხელს უწყობდა ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეროვნულმა ბანკმა პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვას, თუ რატომ იზრდება ფასები მკვეთრად და რატომ უარესდება მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2019 წელი ეკონომიკისთვის მარტივი წელი არ ყოფილა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გამოწვევებთან ბრძოლა უწევდა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები კი ლარის კურსს და ინფლაციას შეეხება.

დღის ამბები