27 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება. კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, პროცესი დისტანციურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება. განხილვაში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ, გაგზავნილ კითხვებს შესაბამისი კომისია დეპუტატებს მიაწვდის. სახალხო განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია. განხილვას დაესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები.

"ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, საჯარო განხილვებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებით მიღწეულ ერთ-ერთ პუნქტს ამ დრომდე არ ასრულებს. საუბარია გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

როგორც "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება საჯარო განხილვებში მონაწილეობას, ამბობენ, რომ ეს არის ტექნიკური ხასიათის და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

"ოპოზიციამ სრულიად ცხადად თქვა, რომ სანამ რურუა არ იქნება გათავისუფლებული ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. დღეს არის ვითარება, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლება ბოლომდე არ ასრულებს. აუცილებელია, შესრულდეს პირველი პუნქტი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით საკონსტიტუციო ცვლილების პროცესში. ამ ეტაპისთვის ამ შეთანხმებას ჩაშლა ემუქრება ხელისუფლების მხრიდან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი რატიანი.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, მათი ნაწილის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს და მისი ჩავარდნა არ უნდა მოხდეს.

"იმდენად მნიშვნელოვანია დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომ პასუხისმგებლობა ამის ჩაგდებაზე როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც დაეკისრება ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს შესრულებული მეორე ნაწილი ამ შეთანხმების. ეს შეთანხმება იმიტომაც არის ორ ნაწილად დაყოფილი, რომ ერთი მეორედან არ უნდა გამომდინარეობდეს.

სახელმწიფო ინტერესი არის, რომ დღეს მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩამოყალიბდეს ახალი საარჩევნო სისტემა და გადავიდეთ სხვა შინაარსიანი საკითხების განხილვაზე პოლიტიკაში," - განმარტა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მზად არიან და პროცესის ბოლომდე მიყვანას ეცდებიან.

"დასახელებული მიზეზი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას იმიტომ, რომ ბატონი რურუა არ არის ნამდვილად პოლიტპატიმარი და საერთოდ არავინ არ არის ამ ქვეყანაში პოლიტპატიმარი, ამ მიზეზის წინ წამოწევა იმის გამო, რომ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს მხარი არ დაუჭირო, არის უბრალოდ მიზეზების ძებნა საკუთარ თავში და მერე ამომრჩევლისათვის შეთავაზება აბსურდული გზებისა.

მე მაინც მგონია, რომ როცა საქმე საქმეზე დადგება, როცა ჩვენ დავიწყებთ განხილვებს და დებატებს ამ საკითხზე ამას ექნება მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში ისეთი მხარდაჭერა, რომლითაც ეს ცვლილებები გავა და ცვლილება იქნებ განხორციელებული კონსტიტუციაში," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

დღის ამბები