05 მაისი 2024,   21:14
ვრცლად
უმნიშვნელო რაოდენობის ნარკოტიკზე სასჯელი გაუქმდა - საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება

სამკაციანმა კოლეგიამ ნარკოტიკული საშუალების გამოუსადეგარ, ძირითადად თვალისათვის შეუმჩნეველი მიკროგრამის ფლობაზე სასჯელი გააუქმა. დღეიდან საერთო სასამართლოებმა უნდა განსაზღვრონ, რა რაოდენობა არის ვარგისი მოსახმარად. ამისთვის მხარეებმა ექსპერტს უნდა მიმართონ, რომელიც იმსჯელებს, ამოღებული რაოდენობა მოსახმარად საკმარისია თუ არა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ექიმ-ნარკოლოგსაც მოუსმინა, რომელმაც მიუთითა, რომ კონკრეტულ ჭურჭელში ანაფხეკის პოვნა ხშირადაა შესაძლებელი, თუმცა ეს მიკრონაწილაკი მოსახმარად და ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად გამოუსადეგარია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარის მიერ მიწვეული ნარკოლოგი იტყვის, რომ ამოღებული ნარკოტიკი მოხმარებისთვის საკმარისია, დაცვის მხარის ექსპერტი კი ამას უარყოფს. როგორც "თეთრი ხმაურის მოძრაობაში" ამბობენ, სწორედ აქედან გამომდინარე უმჯობესია, თუ პარლამენტი კონკრეტულ ოდენობებს კანონში განსაზღვრავს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა და საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც უნდა დაუბრუნდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი ქვეყანაში შეჩერებულია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არსებული რეალობა შეცვლას საჭიროებს, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებული შეხედულებები ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ხელს უშლის.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იმ მსჯავრდებულებსაც შეეხება, რომლებიც უვარგისი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სასჯელს უკვე იხდიან. ექსპერტის მიერ ამ ფაქტის დადასტურება ახალი გარემოება იქნება და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმეზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

დღის ამბები