06 ივლისი 2020,   03:29
ვრცლად
დავინახე სერიოზული რისკი იმისა, რომ დედაქალაქში სრული ერთობა ვერ შედგეს - ნიკა მელია

"კურიერის" შაბათის სტუმრის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საკუთარ კანდიდატურას ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში აუცილებლად წარადგენს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დილემის წინაშეა და არ იცის, პოლიტიკური მომავალი ზუგდიდს დაუკავშიროს თუ თბილისს, სადაც გაიზარდა. 

"არაბუნებრივი იქნება მე რომ გითხრათ, რომ მაჟორიტარულ ოლქში ბრძოლას არ ვაპირებ. თუმცა ჩემთვის დილემაა, რას დავუკავშირო ჩემი უახლოესი პოლიტიკური მომავალი, მშობლიურ ზუგდიდს თუ თბილისს, სადაც გავიზარდე,"- ამბობს ნიკა მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე იმ საკითხზეც საუბრობს, რასაც ოლქების გადანაწილების საკითხში ბოლო პერიოდში მის პოლიტიკურ გუნდსა და კოლეგა ოპოზიციონერებს შორის უთანხმოება მოჰყვა. ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებით,  "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმების დარღვევას აპირებდა. 

"ძალიან მეწყინა ადამიანურად, რადგან ამის თქმის საფუძველი მათ არ ჰქონიათ. ეჭვი შეიძლება ყველაფერზე მიიტანო, მაგრამ როდესაც ნდობა გაქვს კონკრეტული ადამიანის მიმართ, ვინც მოლაპარაკებაშია ჩართული - ნდობა ბოლომდე უნდა გქონდეს. დავინახე სერიოზული რისკი იმისა, რომ დედაქალაქში სრული ერთობა ვერ შედგეს. არჩევანი უნდა გაკეთდეს იმ კანდიდატებზე, რომლებიც კონკურენტუნარიანები არიან. არ მინდა იმის დაჯერება, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეთანხმდებიან, ვინაიდან ჩვენ ხალხთან ვართ ანგარიშვალდებულები. ამიტომ, მინიმუმ თბილისში მაინც უნდა შევთანხმდეთ," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობას თბილისში ან ზუგდიდში აპირებს, უკვე თვეებია სპეციალური სამაჯურით გადაადგილდება. პოლიტიკოსმა "კურიერთან" სტუმრობისას ამ თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამაჯურის ტარების აზრი მისთვის გაუგებარია, რადგან მას GPRS სისტემა არ აქვს და შესაბამისად, ვერც იმას ადგენს რომელ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაადგილდება პირი. 

 

 

დღის ამბები