03 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
სუსში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსში დაკითხვები გრძელდება. უწყებაში დაბარებულები არიან მესამე სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, რომლებიც მარნეულში მოღვაწეობენ.

ყველა მათგანს ხელს გაუთქმელობაზე აწერინებენ, ამიტომ მედიასთან განცხადებები საქმის შინაარსთან დაკავშირებით ისევ არ კეთდება.

საქმის შინაარსს არ ასაჯაროებს სუსი, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ სავარაუდოდ, გამოძიება დაინტერესებულია რამდენიმე საქმით.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხს, დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გამოიკითხა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა.

უწყებაში იმყოფებოდნენ ასევე მარნეულის მერი, სამოქალაქო აქტივისტები და "ახალი საქართველოს" წევრი, რომელმაც სუსში დაკითხვაზე უარი თქვა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

სუსიდან "კურიერის" გადამღებ ჯგუფს აცნობეს, რომ გამოკითხვები, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ხვალისთვის გადაიდო.

სამოქალაქო აქტივისტი, "ატა ჰოლდიგინგის" დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "გეირათის" თავმჯდომარე ზუმრუდ ყურბანოვი აცხადებს, რომ აუცილებელია ტოლერანტობა და რელიგიური თანასწორობა.

"იმედია სუსი ადგილობრივების პოზიციას გაიზიარებს და რეაგირებას მოახდენს, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს სხვანაირად უნდა მოიქცეს. მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას. აუცილებელია თანასწორობა და რელიგიური პატივისცემა,"- განაცხადა აქტივისტმა.

ჟურნალისტი აზერ მამედოვი აღნიშნავს, რომ სუსმა უკვე დაკითხა და გაუთქმელობის ხელშეკრულებაზეც ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. სწორედ მათ საქმიანობას იძიებს სუსი რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით.

დღის ამბები