06 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
თუ პირბადე ავადმყოფსაც უკეთია და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაჰყავს გადაცემის რისკი - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პირბადე ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა ატაროს - ავადმყოფმაც და ჯანმრთელმაც. მისი თქმით, ამას ვირუსის გადაცემის რისკი ნულამდე დაჰყავს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას", - აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს იმას, რომ კორონა არსად გამქრალა.

"შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევაც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაჰყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანაში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება," -  განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები