06 მაისი 2024,   08:11
ვრცლად
ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა, რომელიც პოლიციელის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გაეროს სპეციალური წერილით მიმართა

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან 2 კვირის თავზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. სიეტლის პოლიციამ დემონსტრაცია ამჯერადაც ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველების ქმედებას წინ ინციდენტი უძღოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა მამაკაცმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. საპროტესტო ტალღამ მოიცვა ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოსა და ბოსტონის ქუჩებიც.

სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ კომენდანტის საათი გაუქმდა ამერიკის რამდენიმე შტატში. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ფილადელფიაში, საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, შეზღუდვა მოიხსნა. შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაყვანის განკარგულება გასცა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების დროს გამოვლენილი ძალადობის გამო მინეაპოლისში ძალოვანი სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობა დაიწყეს. საქალაქო საბჭოს წევრები ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის გაუქმებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნას ითხოვენ. პოლიციის რეფორმირებას აანონსებს ნიუ-იორკის მერიც.

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აქციები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში იმართება. საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა ლონდონში. დემონსტრანტებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს და სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს. მომიტინგეებმა უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დააზიანეს. დემონსტრანტებმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის მემორიალზე რასისტი დააწერეს. დაშავდა ათობით პოლიციელი. დაკავებულია 30-მდე მომიტინგე.

ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში კი დემონსტრანტებმა მონებით მოვაჭრის ქანდაკება ჩამოაგდეს და მდინარეში გადააგდეს. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიასა და საფრანგეთში.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა გაეროს სპეციალური წერილით მიმართა. გარდაცვლილი აფროამერიკელის ნათესავები გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას მოუწოდებს, შტატებს პოლიციის რეფორმირების რეკომენდაციით მიმართოს. პოლიციის რეფორმირებას მხარი დაუჭირეს მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს წევრებმაც. 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე 4 პოლიციელია დაკავებული.

დღის ამბები