03 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
თავდაცვის მინისტრის საათი - ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს 5 საათის განმავლობაში პასუხობდა

თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში პარლამენტში ოპოზიციის გარეშე წარიმართა, თუმცა მისი სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ მათზე საუბარს დაეთმო, მათ შორის, საქმიან ნაწილში.

ძალოვანმა მინისტრმა ოპონენტებს დესქტრუქციული ძალა უწოდა და ქვეყნის მთავარ შიდა საფრთხედ დაასახელა.

მინისტრს სხდომათა დარბაზშივე მოსთხოვეს დაკონკრეტება, ვის გულისხმობდა დესტრუქციულ ძალაში. მან კი უპასუხა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც სახელი უკვე დაარქვა და ოკუპაციის შემდეგ დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორად მოიაზრა. 

ღარიბაშვილის პათოსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლების დაკარგვის შიშით ახსნა.

კითხვა-პასუხის ფორმატი საქმიან რეჟიმს დარბაზშივე გასცდა, სადაც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მინისტრს პოლიტიკური კითხვებით მიმართეს.

"იღებთ თუ არა პოლიტპასუხისმგებლობას ბიუჯეტის ქურდის გამოშვებაზე?" - ჰკითხა ღარიბაშვილს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ღარიბაშვილის პასუხი კითხვის მთავარი გმირისთვის აღიარების ტოლფასი აღმოჩნდა. გიგი უგულავამ პარლამენტში გამართულ დისკუსიას პარტიის ოფისიდან უპასუხა.

"ბატონი ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია "ქართული ოცნების" გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება და სასამართლო,"- აღნიშნა უგულავამ.

წარსული დღეს ოპონენტებს მმართველმა გუნდმაც შეახსენა.  უგულავას გარდა სხდომათა დარბაზში მასთან ერთად შეწყალებულ ირაკლი ოქრუაშვილსაც შეახსენეს წარსული. ვიცესპიკერმა დარბაზში მსხდომებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის აუდიოჩანაწერი მოასმენინა.

პოლიტიკური საფრთხეების გარდა გამოსვლის დიდი ნაწილი თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ქართულ შეაიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს და ქართული არმიის განვითარების გეგმებს დაუთმო. ანგარიში კი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციაზე საუბრით დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილის "მინისტრის საათი" საკანონმდებლო ორგანოში 5 საათს გაგრძელდა.

დღის ამბები