07 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
ერთიანი ოპოზიციური სია - მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას უარი უთხრა "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ"

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე ერთიანი საარჩევნო სიით წარდგნენ ოპოზიციური სპექტრში ეხმაურებიან. მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ".

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ახლა ნომერ პირველი ამოცანა ოპოზიციისათვის არის მაჟორიტარებზე შეთანხმება, რაც შეეხება საერთო სიას, ამ ინიციატივას არ განიხილავენ

"რეალობა დღეს საქართველოში არ არის ისეთი, რომ არის 2 პოლუსი მხოლოდ, რომ ეს არის მხოლოდ ივანიშვილი და სააკაშვილი, რისი წარმოჩენაც ყოველთვის უნდა ივანიშვილს. რეალობა არის სხვა, არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი გზავნილი და ნაბიჯი არის და იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება, ჯერ თბილისში და მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას არ განვიხილავთ, აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს, ეს განცხადება არ გაკეთებულა იმიტომ, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა მერე "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნონ მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ლელოში" ამბობენ, რომ სხვისი დღის წესრიგით მოქმედებას არ აპირებენ და შესაბამისად სააკაშვილის ინიციატივა არც კი განიხილება.

"ლელო საქართველოსათვის" აპირებს, რომ დამოუკიდებლად ავიდეს არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ახალი გზა, ჩვენ ვქმნით ახალ იმედს ქართულ პოლიტიკაში და ვიბრძოლებთ იმისათვის რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს როგორც პრაქტიკულად ასევე შინაარსობრივად. ყველას გააჩნია თავისი გზა . არ მივიჩნევთ რომ ლელო სხვისი თამაშით უნდა თამაშობდეს," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები