30 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
ხელისუფლების ოპონენტები ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას მოითხოვენ, ვინც გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის დავალება გასცა

ხელისუფლების ოპონენტები ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას მოითხოვენ, ვინც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის დავალება გასცა. ოპოზიცია ქართველი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ძიებას არ ენდობა და პროცესში საქართველოს მოკავშირე ქვეყნების შესაბამისი სამსახურების ჩართვას მოითხოვს.

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ისინი აქცენტს ქვეყნის უსაფრთხოებაზე აკეთებენ და თუკი ეს დადასტურდა, კითხვა აქვთ ხელისუფლებასთან - რატომ მიიღო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უკრაინისგან?

საქართველოში დესტაბილიზაცია რომ რუსეთის ინტერესებში შედის, ამაზე "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს, თუმცა არც ის გამორიცხეს, რომ სიტუაციით შესაძლოა ქვეყნის შიგნით გარკვეულ ძალებს ესარგებლათ.

განცხადება გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემაც, არჩილ თალაკვაძისთვის მიუღებელია ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და ამბობს, რომ ამას არ დაუშვებს.

ახლა ყველა გამოძიების შედეგებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უფრო მეტ განმარტებას ელოდება. სუს-ში ბოლო წერილობითი განცხადების შემდეგ არ დაუკონკრეტებიათ საქმის არც ერთი დეტალი და არც ის, მოქმედებდა თუ არა მარტო პირი, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დღის ამბები