07 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
მოვაჭრეებს, ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის შეხვედრა დასრულდა - დაზარალებულებმა მთავრობისგან ზარალის ანაზღაურება ადმინისტრაციისთვისაც მოითხოვეს

მოვაჭრეებს, ადმინსიტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთში დამთავრდა. ამ მოლპარაკებაზე დაზარალებულებმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. მათთვის მთავარი პრობლემა ზიანის ანაზღაურებაა. შეხვედრა გამგეობაში გაიმართა.

შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე იყო. ის მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და შეხვედრაზე მყოფი მხარეები გამგეობის შენობიდან მალევე გამოვიდნენ. კონკრეტული შედეგი იყო ის, რომ მხარეებმა საკუთარი მოთხოვნები მოისმინეს და საინიციატივო ჯგუფთან მომდევნო შეხვედრები დაგეგმეს.

როგორც წინასწარ ცნობილი იყო, მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა იყო ზარალის სრული ანაზღაურება. მანამდე კი გაცხადდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ, ვისაც ზარალის შესახებ დოკუმენტი არ ჰქონდა, დაუკმაყოფილდებოდათ ანაზღაურება თითო კვადრატულ მეტრზე 500 ლარით, რაც მოვაჭრეებისთვის არასაკმარისი თანხა იყო. ამის შემდეგ მოვაჭრეებმა გააჟღერეს მოთხოვნა, რომ მათთვის სრული ზარალი დაეკმაყოფილებინათ.

უკვე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი გახდა ცნობილი, რომ მათ მთავრობისგან მოითხოვეს ზარალი ადმინისტრაციისთვისაც აენაზღაურებინათ, რადგანაც როგორც ცნობილი ხდება, ბაზრის შენობა ადმინისტრაციას დაზღვეული არ ჰქონდა.

"მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდეს და არა დეზინფორმაციის დაზარალებულებთან. გვქონდა კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით საინიციატივო ჯგუფთან, რომ ხვალიდან უკვე ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყება ზარალის დათვლა და ეს იქნება პირველი ნაბიჯი. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა მთავარია, რომ ამ სიის შედგენა მოხდეს და ვიცოდეთ ვინ რა ზარალი მიიღო," - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

დაზარალებულების თქმით, მათი ზარალი მხოლოდ და მხოლოდ საქონლით არ განისაზღვრება და პანდემიის შემდგომ, მათ თავად გაარემონტეს მაღაზიები და სახელმწიფოსგან აღნიშნულის ანაზღაურებასაც ითხოვენ.

"ჩვენი ზარალი მარტო საქონლით არ განისაზღვრება იმიტომ, რომ იქ იყო მოწყობილი მაღაზიები. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩვენ თვითონ მოვაჭრეებმა გავარემონტეთ მაღაზიები და ეს ზარალის ანაზღაურება ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ისევ დაგვიბრუნონ ეს ყველაფერი და სახელმწიფოს ვთხოვეთ დახმარება. სახელმწიფომ ასე ვთქვათ რაღაც დრო ითხოვა," - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

იურისტების თქმით, შეხვედრაზე ფინანსური საკითხიც დააყენეს. მათი განცხადებით, დაზარალებულთა 2 კატეგორია არსებობს. ერთი კატეგორიაა ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ხელშეკრულება გაფორმებული და მეორე - რომლებსაც არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდათ.

"ფინანსური საკითხიც რა თქმა უნდა დავაყენეთ. არის დაზარალებულის 2 კატეგორია: ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ხელშეკრულება და შესაბამისად მარტივია მათი ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი და ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არანაირი საბუთი არა აქვთ, რომ დაამტკიცონ რამდენი ლარის საქონელი ჰქონდათ, ან რა ზარალი განიცადეს. ამ ორ კატეგორიასთან ინდივიდუალურად მოხდება გასაუბრება და შესაბამისად მათი ზარალის პარალელურად უკვე ვისაუბრებთ მატერიალური ანაზღაურების საკითხზე," –  აცხადებს "მოძრაობა ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე.

სხვადასხვა უწყებები რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულებს ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მზადყოფნა დახმარების შესახებ გამოთქვა სადაზღვეო კომპანია "ირაომ", სადაც ბაზრის ადმინისტრაციას ე.წ. მესამე პირის დაზღვევა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ზარალი მხოლოდ მოვაჭრეებს აუნაზღაურდებათ.

რაც შეეხება შენობის ზარალის ანაზღაურებას, ეს სადაზღვეო კომპანიის მხრიდან არ მოხდება.

დღის ამბები