06 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
მოქალაქეებს უწევთ არჩევა ცუდსა და უარესს შორის, ჩვენი პლატფორმა ჯანსაღი ალტერნატივა იქნება - ანა დოლიძე ახალ პოლიტიკურ სივრცეზე

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნა. 

პლატფორმის ფარგლებში მემორანდუმს "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მოაწერეს ხელი.

პლატფორმის პრეზენტაციისას ანა დოლიძემ განმარტა, რომ მემორანდუმის მიზანი იმ პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს. 

"მემორანდუმი დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრინციპებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაფლულია უპერსპექტივობის ჭაობში და ჩვენი თანამოქალაქეები დარჩენილნი არიან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომელიც ფსევდო დაპირისპირებით სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებს, ხოლო ხალხის ყოველდღიური, რეალური პრობლემები და ხალხის გაჭირვება რჩება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მირმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების როლი ხალხის მსახურებაა და არა პრივილეგიების მოხვეჭა, ის, რაც ხდება დღეს. ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული, აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებთ საქართველოს წარმატებისთვის, კეთილდღეობისთვის და ჩვენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ალეკო ელისაშვილმა განმარტა, რომ ეს არის არა პარტიის, არამედ პლატფორმის პრეზენტაცია.

"ეს არის სივრცე, მაგიდა, სადაც ვიკრიბებით საქართველოზე შეყვარებული ადამიანები და ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ საქართველოზე. ჩვენ გვინდა თავდაყირა დავაყენოთ ის, რაც აქამდე წესად მიიჩნეოდა - ჩვენთან 30 წელია პოლიტიკურ პროცესად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი იხრჩობა სიღატაკეში და ქვეყანა გახდა წარუმატებელი, მაჩანჩალა, საიდანაც ადამიანები გარბიან. ჩვენ გვინდა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, პოლიტიკა ხალხის სამსახურია,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან კობერიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევის - სიღარიბის დაძლევა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრების ცვლილებით იქნება შესაძლებელი.

"ყველაზე მთავარი საზრუნავი დღეს რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უკეთესი ცხოვრების საშუალება. დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა სიღარიბე და სიღატაკეა. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც თითოეული მოქალაქე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება.

რაც პარლამენტში დავიწყე მუშაობა კიდევ უფრო უკეთ დავინახე, რომ ქვეყანაში პოლიტიკა თუ არ შეიცვლება და პოლიტიკურ ველში გარღვევა თუ არ მოხდება, ისე წარმოუდგენელია ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნა,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები