06 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს - გიგა ბოკერია გერმანიის ელჩზე

8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელსაც ოპოზიცია განსხვავებულად კითხულობს, გერმანიის ელჩი საქართველოში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ამ შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის და ეს ყველასთვის ნათელია. 

ჰუბერტ ქნირში, როგორც ფასილიტატორთა ჯგუფის მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ორშაბათს კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რათა საქართველოს უკეთესი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

"თარგმანში დაკარგული და შარში გახვეული" - ელჩის კომენტარს, რომელიც დიპლომატმა "რუსთავი 2-ს" მისცა, გიგა ბოკერია ასე გამოეხმაურა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით და შეცდომაში შედიან. გიგა ბოკერიას თქმით, ამ შემთხვევაშიც სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

"ვუთანაგრძნობ მას, უკვე მერამდენედ უნდა გაეხვიოს ეგეთ შარში არ ვიცი, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და მერე ბოდიშის მოხდა უწევს. ჩვენს მთელ პარტიას ბოდიში მოგვიხადა, შეცდომაში შეგვიყვანეს 20 ივნისზეო, ხომ გახსოვთ აქ რომ მოიყვანა მთავრობამ? ასე რომ, ზოგჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე დიპლომატებს და შარში ეხვევიან. ვუთანაგრძნობ მას ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია. რაღაცნაირად ახლა უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით კი, გერმანიის ელჩს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ყოველთვის იზიარებს და ეთანხმება ყველა მოსაზრებას, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი გამოხატავს.

"კონკრეტული ჩანაწერები 8 მარტის საბოლოო დოკუმენტში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით არ გაკეთდა იმისთვის, რომ "ქართული ოცნებისთვის" ოფიციალურ დოკუმენტში კონკრეტულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჩანაწერი პოლიტიკური დისკომფორტი არ ყოფილიყო. გერმანიის ელჩს შესაძლოა ჰქონდეს მისი საკუთარი მოსაზრება, მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაშიც ამ ქვეყანაში და მათ აზრთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ და ვეთანხმებით ყველა მოსაზრებას, რომელსაც გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი ჩვენს სახელმწიფოში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები