06 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
რუსეთი პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება - პრემიერი

პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, დღეს მთავარი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა. 

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელდება და აქტიურად ღრმავდება.  

"რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად, ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20% ჩვენი ქვეყნის, მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა. რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დღეს როგორც ფაქტი, გრძელდება და აქტიურად ღრმავდება. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის. ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა და ამისთვის ჩვენ რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა რომ ვიყოთ მზად ნებისმიერ მომენტში ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

დღის ამბები