06 მაისი 2024,   10:50
ვრცლად
მოვუწოდოთ ივანიშვილს გონს მოეგოს და აღარ გადადგას ნაბიჯები, რომელიც დაღუპავს მას და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს - ოპოზიცია აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორებაზე

აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებას, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საქართველოსგან აღებული პირობების შესრულებას მოითხოვენ ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, სადაც აცხადებენ, რომ აშშ საქართველოს პირობებს არ უყენებს, სტრატეგიულ თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ქვეყნის რეპუტაცია არ დააზიანონ და საქართველოს პრობლემები არ შეუქმნან.

"დემოკრატიული პროგრესის გარეშე აშშ-ის სენატს გაუჭირდება ჩვენთან სამხედრო თანამშრომლობის განვითარების და ამ მიმართულებით დაფინანსების მხარდაჭერა. ეს არის ნათქვამი ამ დოკუმენტში. ბურთი არის ქართული ოცნების მოედანზე. მათი მხრიდან შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ის მოცემულობები რომელიც ამ პროექტშია, აღარ იყოს აქტუალური, იქ საუბარია მაგალითად 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და თუ შეთანხმება შესრულდება ეს საკითხი თავისთავად მოიხსნება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ გონს მოეგოს და აღარ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მას დაღუპავს და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს:

"როდესაც სტრატეგიული პარტნიორი იმდენად შეშფოთებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო და ღირებულებათა ინტერესის გამო საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრ გზავნილს, ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ამიტომ, ჩვენ როგორც ქვეყანამ საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, ნაკლები დანაკარგებით ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ივანიშვილს, ამ კატასტროფას ქვეყნისთვის, თუკი კიდევ შერჩა გონის ნაწილი, მოეგოს გონს და აღარ გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მას დაღუპავს და ქვეყანას დარტყმას მიაყენებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები