06 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველოში საარჩევნო სისტემა იცვლება - საერთაშორისო პარტნიორები და ელჩები საქართველოს წინგადადგმულ ნაბიჯს ულოცავენ

ფასილიტატორი ელჩები, სახელმწიფო დეპარტამენტი, ცალკეული კონგრესმენები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას ულოცავენ.

ყველა ხაზგასმით ამბობს, რომ მიღებული ცვლილება ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარრჩვნო გარემოს შექმნას.

არასრული ოთხი თვის წინ მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე შედეგმაც არ დააყოვნა - ამ შედეგზე კი იმ ფასილიტატორი ელჩების განცხადებამ, რომლებიც 8 მარტის გადაწყვეტილების შუამავლები არიან. რადგან შეთანხმება მხარეებს ვალდებულებებს თანაბრად უნაწილებს, დიპლომატებს ისევ რეკომენდაციებით საუბარი უწევთ. მოწოდება ვრცელდება მათზე, ვინც საკუთარი არგუმენტებით პროცესს გაემიჯნა.

პროპორციულ საარჩევნო მოდელთან თანდათანობით მიახლოებამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გააჩინა დიდი იმედი, რომ საქართველო კიდევ ერთ მოწოდებას​გაითვალისწინებს - პარტნიორები შტატებიდან ქვეყანას ურჩევენ საარჩევნო სისტემა დროულად გაუმჯობესდეს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

აღფრთოვანებასთან ერთად წუხილი ვერც ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა დამალეს. მათ არ მოსწონთ, რომ შეთანხმების შედეგად, არ მოხდა უფრო ნაკლებად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნა.

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარები - დღეს ყველას საქართველოსთვის სათქმელი ერთი აქვს - ქვეყანამ მიაღწია, რომ არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი გახდეს.

"საქართველოს პარლამენტის მიერ ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებების რატიფიცირება ქართულ დემოკრატიას აძლიერებს" - ამ სათაურით სტატიებს საერთაშორისო მედია ავრცელებს. პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შემოდგომაზე თავისუფალ, სამართლიან და წარმომადგენლობით არჩევნებს უზრუნველყოფს.

დღის ამბები