27 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვის 19 სავარაუდო ფაქტი არჩევნების ჩატარებამდე 4 თვით ადრე - სამართლიანი არჩევნები ანგარიშს აქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 4 თვით ადრე, ამომრჩევლის მოსყიდვის უკვე 19 სავარაუდო ფაქტია გამოვლენილი. წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ანგარიშს სამართლიანი არჩევნები აქვეყნებს.  

დოკუმენტი პირველი ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ე.წ. ქველმოქმედება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც მათი შეფასებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტია.

19 სავარაუდო ფაქტიდან 16 დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან", როდესაც მაჟორიტარები მოქალაქეებს ხვდებოდნენ. სამი ფაქტი კი, მათი თქმით, უკავშირდება საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც აფილირებულია "ლელო საქართველოსთან".

ანგარიშში საუბარია ასევე სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე. უფრო კონკრეტულად, სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ დამკვირვებელს უცნობი პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ თუკი სადამკვირვებლო საქმიანობას არ შეწყვეტდა, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნებოდა. 

"ყველაზე მასშტაბური იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ძირითადად ეს დეპუტატები არიან მმართველი პარტიიდან და ეს საქმიანობა მოიცავდა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას და გარკვეული დახმარებების, იქნებოდა ეს პროდუქტების სახით თუ მედიკამენტების სახით მოსახლეობისთვის გადაცემას. სამი ფაქტი უკავშირდებოდა მოძრაობა მომავლისთვის, რომელიც აფილირებულია “ლელო საქართველოსთან.“ კერძოდ, ამ შემთხვევებშიც, მაგალითად გორში და თელავში ადგილი ჰქონდა მოსახლეობისთვის სურსათის და მედიკამენტების დარიგებას და ამ პროცესში გამოყენებული იყო ლელო საქართველოსთვის საიმიჯო ყვითელი ფერი, ასევე ხშირად ისმოდა მამუკა ხაზარაძის სახელი და მონაწილეობას ღებულობდნენ პარტიის წარმომადგენლები," - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.

დღის ამბები